Tuesday, February 26, 2013

ბავშვობა, მოწაფეობა, სტუდენტობა

                                                                                        


       ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. სვიმონი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი. დაბადებიდან მეხუთე  დღეს მამა გარდაეცვალა. 3 წლისა ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და იმის მერე ხელჯოხი მის სამუდამო თანამგზავრად იქცა. კოჭლობის გამო ნათესავებს ერცხვინებოდათ ექვთიმეს გამოჩენა. პატარა ექვთიმეს ბედმა ესეც არ აკმარა და 5 წლის იყო, როცა დედითაც დაობლდა. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ,,ხუთი წლის ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველებათ ობლებსო ?!“  დაობლებულ ბავშვებს ბებია(მაკა) და სხვა ახლობლები უვლიდნენ.
       7 წლის იყო ექვთიმე თაყაიშვილი, როცა ,,საგარეო ტანსაცმლით“ პირველად მორთული შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში.  ,, ეს იყო ბავშვობაში  პირველი და უკანასკნელი  ხეირიანი    ჩაცმა ჩემი“ - იხსენებს ექვთიმე თაყაიშვილი. სახელმძღვანელოები არ ჰქონია მას და ზეპირად იმახსოვრებდა მასწავლებლების მონათხრობს. ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. ქუთაისის გიმნაზია 1883 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა. ამავე წელს პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც დაამთავრა ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბერძნულ–ლათინურ ენათა განხრით და საქართველოში დაბრუნდა  (1887 წელს).  
                                                                                                            

No comments:

Post a Comment