Tuesday, February 26, 2013

ემიგრაციაში

  



         1921 წელს მენშევიკური მთავრობა გარბის საქართველოდან და თან მიაქვს საქართველოს განძი. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან “,წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.  საგანძურში  შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო–ვერცხლის ხატები და თვალმარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები,ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება, თამარის ჯვარი და სხვა მრავალი. ეს ის გაძია, რომლის შეგროვებასა და გადარჩენაში ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული ექვთიმე თაყაიშვილს. იგი გაჰყვა ემიგრანტად თავისი სიცოცხლის განუყოფელ  პოლტარაცკაიასთან ერთად. 



        დიდი ვაივაგლახით ჩააღწიეს საფრანგეთში ექვთიმემ და საქართველოს საგანძურმა (სულ 39 ყუთი იყო) , თვითონ ექვთიმეს მზრუნველი ხელით ჩალაგებული და შეკრული, შესანახად ჩააბარეს ,,მარსელის ბანკს“, რომლის მეთვალყურის მოვალეობასაც ექვთიმე ასრულებდა. მისი თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველოს საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. ექვთიმეს ძალისხმევით გაუძლო ინგლისისა და აშშ–ს მუზეუმების შემოტევებს. 
        ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ბოლშევიკები ბატონობენ და ქართველთა სულიერი საგანძური სავალალო მდგომარეობაშია. სწორედ ეს რთული სურათი აქვს აღწერილი იოსებ გრიშაშვილს ლექსში ,,გენიოსების ბედი თბილისის ბაზარზე,’’ რომელშიც ქართველი ხალხის ,,ხელიხელსაგოგმანები მარგალიტების’’ ხვედრის ჩვენებით მთელი ეროვნული საუნჯის მდგომარეობაა სააშკარაოზე გამოტანილი.თუთუნის ჩასაყრელ პაკეტებად  ,,ვეფხისტყაოსნის’’, ,,სულიკოსა’’ და ,,აჩრდილის’’ ავტორთა ნაწერების გამოყენება არის გამოხატულება იმ დიდი ტრაგედიისა,რომელმაც ქვეყანა იმ საბედისწერო 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მოიცვა:                 
            ,, ქვევით ბაზარზე, კვირადღით, ვანქთან,
               მტვრიან ქუჩებში, დამპალ ჰავაზე,
               წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა:
               შოთა, აკაკი და  ჭავჭავაძე.

               ,,მე თეკლასი ვარ!“–ასე ეწერა
               ერთ წიგნს, დაბეჭდილს, ვახტანგის თერგზე...
               და მეორეზე–ყრუდ, ალმაცერად:
               ნუღარ ვიფიქრებთ ილიას თერგზე!’’

               და გავიფიქრე: ვინ არის, ნეტა,
                ამის პატრონი და გამყიდველი,
               რომ ,,პარკებისთვის გამოიმეტა
               დავით რექტორის ნაწერი ძველი?!...

               აი, სად ჰყრია ჩვენი დიდება!
               ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა!
               აი, ქართლის ხმა სად იყიდება,
               ჯავახიშვილო და ინგოროყვა!"

          ამ ლექსში სამარცხვინო სინამდვილეა წარმოდგენილი მეოცე საუკუნის დასაწყისისა, როცა რუსული მმართველობა და ჩექმა ბოგინობს საქართველოში.  ერის ტრაგედიის ამსახველი ფაქტების გამომზეურებით ავტორი აშკარად ეუბნება ხალხს, რომ ეროვნულ საუნჯეს, ძველისძველ ხელნაწერებს, ოთხთავებსა, მრავალთავებს, პალიმფსესტებს, საფრთხე ემუქრება.  ეს მაშინ ხდება, როცა დიდი ივანე ჯავახიშვილისა და ასევე ინგოროყვას მეგობარი, ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, ექვთიმე თაყაიშვილი, პარიზში მტკიცე დარაჯად უდგას ერის სულიერ მონაპოვარს. აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში. მის ნაშრომებში ახლებურად წარმოჩინდა  ზოგიერთი ისტორიული ფაქტი, ნათელი გახდა ესა თუ ის მოვლენა, დაზუსტდა თარიღები, დადგინდა ზოგიერთი ისტორიული პირის ვინაობა.
       მან გამოიკვლია ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა–ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემები. შეისწავლა ,,ქართლის ცხოვრების“ ტექსტები. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებულები: ,,ძველი საქართველო“ და ,,საქართველოს სიძველენი“ აღმოაჩინა, კონკრეტულად კი სანაგვიდან ამოიღო და შემდეგ სათანადო კომენტარით გამოაქვეყნა ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი ,,ხელმწიფის კარის გარიგება,“ შეაგროვა და აღწერა ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები და ძველი ქართული მწერლობის სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები.
           
                                                                                                 

No comments:

Post a Comment