Tuesday, February 26, 2013

ბავშვობა, მოწაფეობა, სტუდენტობა

                                                                                        


       ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს, ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. სვიმონი რუსეთის ჯარში მსახურობდა — თურქეთის საზღვრის მცველ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე და სათანადო „კორდონის უფროსად“ იწოდებოდა. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი. დაბადებიდან მეხუთე  დღეს მამა გარდაეცვალა. 3 წლისა ხიდან ჩამოვარდა, ფეხი მოიტეხა და იმის მერე ხელჯოხი მის სამუდამო თანამგზავრად იქცა. კოჭლობის გამო ნათესავებს ერცხვინებოდათ ექვთიმეს გამოჩენა. პატარა ექვთიმეს ბედმა ესეც არ აკმარა და 5 წლის იყო, როცა დედითაც დაობლდა. ექვთიმე თაყაიშვილი წერს: ,,ხუთი წლის ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი. უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველებათ ობლებსო ?!“  დაობლებულ ბავშვებს ბებია(მაკა) და სხვა ახლობლები უვლიდნენ.
       7 წლის იყო ექვთიმე თაყაიშვილი, როცა ,,საგარეო ტანსაცმლით“ პირველად მორთული შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში.  ,, ეს იყო ბავშვობაში  პირველი და უკანასკნელი  ხეირიანი    ჩაცმა ჩემი“ - იხსენებს ექვთიმე თაყაიშვილი. სახელმძღვანელოები არ ჰქონია მას და ზეპირად იმახსოვრებდა მასწავლებლების მონათხრობს. ოზურგეთიდან ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისის გიმნაზიაში. ქუთაისის გიმნაზია 1883 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა. ამავე წელს პეტერბურგში მიემგზავრება უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც დაამთავრა ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბერძნულ–ლათინურ ენათა განხრით და საქართველოში დაბრუნდა  (1887 წელს).  
                                                                                                            

საქართველოში მოღვაწეობა


            პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ სამეცნიერო და კვლევით მოღვაწეობას შეუდგა. იგი ბერძნულ–ლათინური ენების, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად იწყებს მუშაობას თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში(1887–1894წწ.); მომდევნო წლებში ხელმძღვანელობს კიდეც სათავადაზნაურო გიმნაზიას(1894–1904). 1888 წელს წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი გახდა და უდიდესი გატაცებით აგროვებდა საქართველოს სიძველეებს: ხელნაწერებს, არქეოლოგიურ მასალებს და ახდენს მათ მეცნიერულ შესწავლა–დამუშავებას; მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ეხმარებოდა სკოლებსა და სამკითხველოებს; აგროვებდა ძვირფას წიგნებს, სხვადასხვა სახის სიძველეებს, სიგელ–გურჯებსა და ისტორიულ დოკუმენტებს. თავად ექვთიმე თაყაიშვილი ამბობს: ,,საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ–მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადასარჩენად. თან ახალ–ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი, საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე.“ ამასთანავე გზადაგზა იგი ხელნაწერთა აღწერილობებს აქვეყნებდა გაზეთ ,,ივერიაში“.   დიდი ქართველი მეცნიერი და მამულიშვილი, პროფესორი მიხაკო წერეთელი წერდა: ,,ექვთიმე სპეციალობით არც არქეოლოგი იყო, არც ხელოვნებათა მეცნიერი, არც ისტორიკოსი, არც ქართული ფილოლოგიის სწავლული, მაგრამ იგი იმავე დროს ერთიც იყო, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. სიდიადე მისი სულისა სწორედ აქ არის, მან თავისი ერის სამსახურისთვის ეს მეცნიერებანი თვით შეისწავლა.“
          1892 წელს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძეს განჯიდან თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის  ნეშტის გადმოსვენებაში ეხმარებოდა. მალევე ექვთიმეს რედაქტორობით გამოსცა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ  ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებათა პირველი სრული კრებული.
       ექვთიმე თაყაიშვილი აქტიური მონაწილე იყო ,,ცოდნის ტაძრის“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა და განუზომელია მისი ღვაწლი ამ საქმეში ივანე ჯავახიშვილთან ერთად (1918 წ.). ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა: საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს, ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას.

    მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ექვთიმეს თაოსნობით 1907 წელს დაარსებულმა ,,საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ,“ რომლის თავმჯდომარეც თვით ექვთიმე გახლდათ. საზოგადოება მიზნად ისახავდა შეეგროვებინა,შეესწავლა და თან შეენახა ქართული სიძველენი (ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, წერილობითი), რომლისთვისაც უნდა მოწყობილიყო საგანგებო ექსპედიციები, კვლევა–ძიებანი მაშტაბებით,  პუბლიკაციებით, ატლასებით, რუკებით, დაარსებულიყო მუზეუმები, ჩატარებულიყო საჯარო შეხვედრები, მოხსენებები, ხალხის მოზიდვა კულტურულ ძეგლთა მოსავლელად.
     ,,საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს...რამდენს ვცდილობდი,რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი...არ იყო ხალხი,თითოოროლა კაცის მეტი არავინ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!...რუსთაველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარულ სტატია–წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მონდომება...თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა–პატრონობასა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას,“ – წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.
      ,,ერთმა საქართველოში სტუმრად ჩამოსულ იმპერატორს, ალექსანდრე მეორეს, ვლახერნის უბრწყინვალესი ხატი მიართვა.რუს ხელმწიფეს გაუკვირდა და, მადლობა ღმერთს, საჩუქარი უკანვე დაუბრუნა;
       მეორემ მეფისნაცვალს ერეკლე მეფის თოფი აჩუქა, ის თოფი,ასპინძის ბრძოლაში ხელთ რომ ეპყრა გმირ ხელმწიფეს, მაგრამ ისევ რუსმა მოხელემ გააწბილა ,,გულუხვი ქართველი“–ის თოფი თქვენი ეროვნული სიამაყეა და თქვენ უფრო დაგშვენდებათ მისი შენახვაო;
     …მესამემ  ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერიდან ძვირფასი მინიატურები ამოსჭრა და ვიღაც სომეხ ჩარჩ–ვაჭარს მიჰყიდა. ექვთიმე თაყაიშვილმა დიდი წვალებით და დავიდარაბით  უკანვე მოაბრუნა ქართულ საგანძურში ის მინიატურები“.

        ასე განიავდებოდა საქართველოს საგანძური, რომ ღმერთს ამ ადამიანების გვერდით მხსნელად ექვთიმე თაყაიშვილი არ მოევლინა.



ქორწინება






       ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა. ერთგულ მეუღლეობას უწევდა ნინო მას, მუდამ მხარში ედგა, ემიგრაციაშიც თან გაჰყვა ექვთიმეს. 
      უდიდესი განძის მქონე ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. ხშირად ეხმარებოდნენ მეგობრები, ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მას და მის მეუღლეს პურიც კი არ ჰქონიათ. მათი მარჩენალი ფრანგული თხა იყო, რომლის რძეც არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში.              

      1931 წელს საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა ექვთიმეს.  ,, ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება, ნინო აღარ მყავს!“- წერდა მეგობარს პარიზიდან თბილისში .
       1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილი დიდი სიხარულით დაბრუნდა საფრანგეთიდან სამშობლოში.  ერთადერთი რამ აწუხებდა მას, ნინოს ნეშტის საფრანგეთში დატოვება: "82 წლის მოუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძი... მაგრამ გულს მიკლავს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული".




ნინოს საფლავი მთაწმინდაზე

         ექვთიმე ამას აღარ მოსწრებია, მაგრამ 1987 წელს  ნინოს ნეშტი ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს  და მთაწმინდაზე მეუღლის გვერდით  დაკრძალეს.
       

ემიგრაციაში

  



         1921 წელს მენშევიკური მთავრობა გარბის საქართველოდან და თან მიაქვს საქართველოს განძი. ,,ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან “,წერდა ექვთიმე თაყაიშვილი.  საგანძურში  შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო–ვერცხლის ხატები და თვალმარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები,ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება, თამარის ჯვარი და სხვა მრავალი. ეს ის გაძია, რომლის შეგროვებასა და გადარჩენაში ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული ექვთიმე თაყაიშვილს. იგი გაჰყვა ემიგრანტად თავისი სიცოცხლის განუყოფელ  პოლტარაცკაიასთან ერთად. 



        დიდი ვაივაგლახით ჩააღწიეს საფრანგეთში ექვთიმემ და საქართველოს საგანძურმა (სულ 39 ყუთი იყო) , თვითონ ექვთიმეს მზრუნველი ხელით ჩალაგებული და შეკრული, შესანახად ჩააბარეს ,,მარსელის ბანკს“, რომლის მეთვალყურის მოვალეობასაც ექვთიმე ასრულებდა. მისი თავდაუზოგავი მცდელობის შედეგი იყო საქართველოს საგანძურის დაცვა მეტად რთულ პირობებში. ექვთიმეს ძალისხმევით გაუძლო ინგლისისა და აშშ–ს მუზეუმების შემოტევებს. 
        ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ბოლშევიკები ბატონობენ და ქართველთა სულიერი საგანძური სავალალო მდგომარეობაშია. სწორედ ეს რთული სურათი აქვს აღწერილი იოსებ გრიშაშვილს ლექსში ,,გენიოსების ბედი თბილისის ბაზარზე,’’ რომელშიც ქართველი ხალხის ,,ხელიხელსაგოგმანები მარგალიტების’’ ხვედრის ჩვენებით მთელი ეროვნული საუნჯის მდგომარეობაა სააშკარაოზე გამოტანილი.თუთუნის ჩასაყრელ პაკეტებად  ,,ვეფხისტყაოსნის’’, ,,სულიკოსა’’ და ,,აჩრდილის’’ ავტორთა ნაწერების გამოყენება არის გამოხატულება იმ დიდი ტრაგედიისა,რომელმაც ქვეყანა იმ საბედისწერო 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მოიცვა:                 
            ,, ქვევით ბაზარზე, კვირადღით, ვანქთან,
               მტვრიან ქუჩებში, დამპალ ჰავაზე,
               წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა:
               შოთა, აკაკი და  ჭავჭავაძე.

               ,,მე თეკლასი ვარ!“–ასე ეწერა
               ერთ წიგნს, დაბეჭდილს, ვახტანგის თერგზე...
               და მეორეზე–ყრუდ, ალმაცერად:
               ნუღარ ვიფიქრებთ ილიას თერგზე!’’

               და გავიფიქრე: ვინ არის, ნეტა,
                ამის პატრონი და გამყიდველი,
               რომ ,,პარკებისთვის გამოიმეტა
               დავით რექტორის ნაწერი ძველი?!...

               აი, სად ჰყრია ჩვენი დიდება!
               ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა!
               აი, ქართლის ხმა სად იყიდება,
               ჯავახიშვილო და ინგოროყვა!"

          ამ ლექსში სამარცხვინო სინამდვილეა წარმოდგენილი მეოცე საუკუნის დასაწყისისა, როცა რუსული მმართველობა და ჩექმა ბოგინობს საქართველოში.  ერის ტრაგედიის ამსახველი ფაქტების გამომზეურებით ავტორი აშკარად ეუბნება ხალხს, რომ ეროვნულ საუნჯეს, ძველისძველ ხელნაწერებს, ოთხთავებსა, მრავალთავებს, პალიმფსესტებს, საფრთხე ემუქრება.  ეს მაშინ ხდება, როცა დიდი ივანე ჯავახიშვილისა და ასევე ინგოროყვას მეგობარი, ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, ექვთიმე თაყაიშვილი, პარიზში მტკიცე დარაჯად უდგას ერის სულიერ მონაპოვარს. აქვეყნებდა გამოკვლევებს საქართველოს ისტორიასა და წყაროთმცოდნეობაში. მის ნაშრომებში ახლებურად წარმოჩინდა  ზოგიერთი ისტორიული ფაქტი, ნათელი გახდა ესა თუ ის მოვლენა, დაზუსტდა თარიღები, დადგინდა ზოგიერთი ისტორიული პირის ვინაობა.
       მან გამოიკვლია ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წარმოქმნა–ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემები. შეისწავლა ,,ქართლის ცხოვრების“ ტექსტები. მისი რედაქტორობით გამოვიდა კრებულები: ,,ძველი საქართველო“ და ,,საქართველოს სიძველენი“ აღმოაჩინა, კონკრეტულად კი სანაგვიდან ამოიღო და შემდეგ სათანადო კომენტარით გამოაქვეყნა ქართული სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი ,,ხელმწიფის კარის გარიგება,“ შეაგროვა და აღწერა ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები და ძველი ქართული მწერლობის სხვა მნიშვნელოვანი ძეგლები.